კატალონიის მუნიციპალიტეტთა ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გრძელდება

5 მარტი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) შემდეგ, კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის (FMC) გენერალურმა მდივანმა - ხუან იგნასიო სოტო ვალესმა, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ესპარეგუერას მერმა - ედუარდო რივას მატეომ და კონსულტანტმა - ოლივიერ ტერიენმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე საქართველოს პარლამენტში და რუსთავის მუნიციპალიტეტში  გამართეს შეხვედრები.

თბილისის საკრებულოში დელეგაციას, ათეა-ს  წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ უმასპინძლა.

ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა  სტუმრებს თბილისში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ქალაქის ურბანულ განვითარებას, ეკოლოგიურ და სატრანსპორტო პოლიტიკას, ასევე სოციალურ მიმართულებებს ეხება.

ეს ვიზიტი „მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქალაქებს, ასევე ასოციაციებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე და ამ კუთხით, კატალონიის გამოცდილების გაზიარება ძალიან გამოგვადგება,“- აღნიშნა  გიორგი ტყემალაძემ.

მხარეებმა  თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს, რის შემდეგაც სტუმრებმა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი ბარსელონაში მიიწვიეს.

დელეგაციის წევრები დღესვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს - მზია გიორგობიანს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - მერაბ ქვარაიასა და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს - ლევან ონიანს და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებს შეხვდნენ და საკუთარ ქვეყნებში  მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს.

კატალონიის მუნიციპალიტეტთა ფედერაციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე რეგიონსაც ეწვევიან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.