ათეა-ს წარმომადგენლებმა კიევში გამართულ კონფერენციაში - ,,მწვანე შუქი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის’’ მიიღეს მონაწილეობა

23 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და მისმა მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა კიევში გამართულ ორდღიან კონფერენციაში - ,,მწვანე შუქი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის’’ მიიღეს მონაწილეობა. 

ღონისძიებაზე, რომელშიც ევროკავშირის წარმომადგენლებთან  ერთად, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები იღებდნენ მონაწილეობას, მდგრადი განვითარების სირთულეების გადალახვის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლზე და ეკონომიკური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს.

​დავით მელუამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ევროკავშირის ორი ინიციატივის “მერების შეთანხმება“ და „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების კლიმატის ცვლილების ადაპტაციას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და დინამიური და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ეხებოდა.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. სხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საუკეთესო გეგმების წარდგენისთვის ჯილდო ბოლნისის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

ორდღიან კონფერენციას, რომელიც სასტუმროში „პრეზიდენტი“ გაიმართა, უკრაინის ხელისუფლების მაღალი რანგის, ასევე ადგილობრივი და პარტნიორი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.