ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მუნიციპალიტეტი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

18 ოქტომბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე რუსთავისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს სპეციალური პრიზები გადასცა.

დაჯილდოვების ცერემონიალი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.

დაჯილდოებამდე, საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლებმა, მრგვალი მაგიდის სამუშაო ფორმატში, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობაზე და თვითმმართველობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესახებ გამართეს დისკუსია.   

მუნიციპალიტეტების გამოცდილების შესახებ დელეგატების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, საქართველოს  პარლამენტის წევრმა -დიმიტრი მხეიძემ და  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა - ნინო სამველიძემ შეაფასეს და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

ფორუმის დასასრულს, კენჭისყრის შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მუნიციპალიტეტი გამოვლინდა, 62 მუნიცპალიტეტს კი, რეგიონულ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცა. 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018“, მიმდინარე წლის 12 თებერვალს თბილისის საკრებულოში დაფუძნდა.
პლატფორმა სლოგანით - „ახალგაზრდა ლიდერები დღეს“  საქართველოში პირველად შეიქმნა და  საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

ღონისძიებას, რომელიც  საქართველოს პარლამენტში გაიმართა, საქართველოს მთავრობის, ასევე საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოების მაღალი რანგის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.  

,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში გამართული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“ თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო.

ფოტო გალერეა 

ვიდეო გალერეა