დავით მელუამ ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

18 ოქტომბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ რეგიონულ შეხვედრაში - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“ მიიღო მონაწილეობა.

ათეა-ს წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში ევროპის კავშირის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.   

,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებას და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობას ისახავს მიზნად.
შესაბამისად მივესალმებით  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“-ის ჩატარებას, რომელიც ევროპის კავშირის მხარდაჭერით მოეწყო.
მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობა ადგილობრივი დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და სიმბოლურია რომ აღნიშნული ღონისძიება სწორედ ,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის” ფარგლებში იმართება“, - აღნიშნა დავით მელუამ  და ფორუმის ახალგაზრდა მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ღონისძიება, რომელიც ,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში მოეწყო, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ათეა-სა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით განხორციელდა.

,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული” ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა. მისი მიზანია ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივ თვითმმართველობებში დამკვიდრება. ასევე, ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სოციალური კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, აღნიშნულ კვირეულს ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას.

იხილეთ ფოტო გალერეა