ათეა-ს წარმომადგენლებმა პრაღაში გარემოსდაცვით პროექტებზე იმსჯელეს

14 სექტემბერი

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების კავშირის (SMO SR) ერთობლივი პროექტის - ,,გამოცდილების გაზიარება მუნიციპალური წყალმომარაგების სფეროში“ ფარგლებში ათეა-ს წარმომადგენლებმა პრაღაში  შეხვედრები გამართეს.

ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, ასევე საკრებულოებისა და ათეა-ს წარმომადგენლები შედიოდნენ, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელსაც აღნიშნული სამინისტროს, ასევე, ჩეხეთის განვითარების  სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვით საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება  საქართველოს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში.  

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ასევე იმ კომპანიების ხელმძღვანელებთან  გამართა შეხვედრები, რომლებიც როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების  საკონსულტაციო მხარდაჭერას ახორციელებენ.  

ქართული მხარე პრაღაში მდებარე მყარი ნარჩენების მართვის დახარისხების სადგურის მუშაობასაც გაეცნო და პროექტის მართვის სემინარში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე წლის 11-12 ივლისს იმყოფებოდა,   სადაც  მხარეებმა კახეთის რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროგრამებთან ერთად განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

პროექტი - ,,გამოცდილების გაზიარება მუნიციპალური წყალმომარაგების სფეროში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის ,, Aid of Trade’’ დაფინანსებით ხორციელდება.