დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები ჩაერთვებიან

12 ივლისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ათეა-ს წარმომადგენლებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წევრებთან და ექსპერტებთან გამართეს შეხვედრა.

ღონისძიებაზე, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ გახსნა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე თვითმმართველობების როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ საჯარო მოხელეთა კომპეტენციის ამაღლებისა და ტრენინგის საჭიროებებზეც გამახვილდა ყურადღება, რაც თავის მხრივ თვითმმართველობის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სამომავლო პერსპექტივებზე. როგორც სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, 2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ექსპერტებისა და ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა პირის ჩართულობით წარიმართება.

,,არა ერთი კითხვა და მოსაზრება მოვისმინეთ და ვფიქრობ, ასეთი საინტერესო შეხვედრები მომავალშიც გვექნება ’’- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრა ათეა-ს ვიცე -პრეზიდენტმა - გიორგი ტყემალაძემ შეაჯამა. მან სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ანალოგიურ ფორმატში განხილვა პროცესის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.

დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა, რომლებსაც ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები, მიმდინარე წლის მონიტორინგის მისიის ანგარიშშიც დადებითად აისახა.