კახა კალაძე: ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერების მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ

29 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა  - კახა კალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანთან - ანდრეას კიფერთან ერთად, შეხვედრაში - ,,საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში (The Congress/CoE, Cemr, Corlear) მიიღო მონაწილეობა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ ღონისძიებაზე დელეგაციების სამოქმედო სტრატეგიებზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებსა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეებზე ისაუბრეს. 

ათეა-ს პრეზიდენტმა, რომელიც ამავე დროს ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში თვითმმართველობის როლის გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

,,დეცენტრალიზაციის მიმართულებითა  და ადგილობრივ თვითმმრთველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის  კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ, რომლებსაც ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების თავმჯდომარე ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლატფორმა სწორად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლის ვალდებულებებიც აღებული გვაქვს და რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეხვედრაში, რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტებმა - თამარ ტალიაშვილმა და გიორგი ტყემალაძე,  აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ასევე  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ -  ზაზა გაბუნიამ, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, მისმა მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.