ათეა-მ პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში ათ მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

28 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გამართა.

ღონისძიება, რომელსაც   საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერი და ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები ესწრებოდნენ, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა.

დავით მელუამ ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნულ  პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ეხმარება წევრ მუნიციპალიტეტებს, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შექმნაში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგოს საქმიანობის შეფასების თანამედროვე ინსტრუმენტები; ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ კარგი გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა დავით მელუამ.

სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ასევე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC - საქართველოს დირექტორი - კობა თურმანიძე, ექსპერტები - კახა გურგენიძე, ნინო ზურაბიშვილი, ვანო თავაძე და მკვლევარი  - რატი შუბლაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას  პროექტის -  „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში განხორციელებული მუშაობისა და კვლევის  შედეგები წარუდგინეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, კვლევა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესწავლას გულისხმობდა, საქართველოს თორმეტ მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და ათ საპილოტე მუნიციპალიტეტს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  

დოკუმენტის თანახმად, N4ED პროექტი  ზუგდიდის, ლანჩხუთის, ახალციხის, გორის, ამბროლაურის, მცხეთის, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველ ქალაქებში იმუშავებს.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრთან - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს. 

N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

აღნიშნული პროექტი  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.