„ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“

14 მაისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა - კახა კალაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან - მიხეილ ჯანელიძესთან და ,,ათეა’’-ს ვიცე-პრეზიდენტთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან - გიორგი ტყემალაძესთან ერთად ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ მიიღო მონაწილეობა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროპულ არჩევანზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების როლზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან დიდი შედეგი. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

ჩვენ გვაქვს საამაყო მრავალფეროვანი კულტურა, ტრადიციები, ჩვენი ისტორია, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის.

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მუნიციპალიტეტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც რეფორმების თვალსაზრისით. 
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის მიმართულება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონფერენცია სახელწოდებით „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ,,ათეა“-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.