საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია
Under Construction!

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

"ათეას" აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომა


12 იანვარი 2018 წელი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომაზე ,,ათეას“ ვიცე - პრეზიდენტები დაამტკიცეს და ასევე, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი ხელისუფლების პალატაში საქართველოს დელეგაციის კანდიდატების საკითხზე იმსჯელეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ახალმა პრეზიდენტმა-კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფასა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში საბჭოს როლზე ისაუბრა და ახალ შემადგენლობას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კახა კალაძემ ვიცე-პრეზიდენტებად თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები-გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი დაასახელა.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის კანდიდატურებს აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის კანდიდატებად ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მცხეთის საკრებულოს დეპუტატი - სევდია უგრეხელიძე დასახელდნენ.
სათადარიგო წევრებად კი სხდომის მონაწილეებმა ,,ევროპული საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, თერჯოლის, ტყიბულისა და გორის მუნიციპალიტეტების წევრები-სოფიო სიუკაევა, დავით ქათამაძე და თამარ კოდიშვილი დაასახელეს.

დღესვე ,,ათეას“ წარმომადგენლებმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საშტატო განრიგი, 2018 წლის ფინანსური დოკუმენტი და ორგანიზაციის საქმიანობის გეგმა დაამტკიცეს, რომლებიც საბჭოს წევრებს აღნიშნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა წარუდგინა.

დავით მელუამ ასოციაციის სამოქმედო გეგმაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.