საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში, ათეა-ს მიერ გამართული რეგიონული კონფერენციების ციკლი დასრულდა

19 ოქტომბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ გამართული რეგიონული კონფერენციების ციკლი დასრულდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გამართული შეხვედრები, რომლებიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენასა და მათი გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარებას ისახავს მიზნად, საქართველოს ათ  რეგიონში ჩატარდა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში, ათეა-ს მიერ გამართული რიგით მეათე რეგიონული კონფერენცია თელავში გაიმართა და მასში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - პლატონ კალმახელიძე, ასევე, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და  ყვარლის მუნიციპალიტეტების ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. .

აღნიშნულ შეხვედრამდე კი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ასოციაციის ექსპერტებთან - ნინო ზურაბიშვილთან და კახა გურგენიძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, ასევე, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ათეა მიმდინარე თვეში, საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის მიზნით,  2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსს (BPP – Best Practice Program) აცხადებს და შეხვედრების ძირითადი ნაწილი, სწორედ საკონკურსო თემების, ასევე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპებისა და შეფასების კრიტერიუმების განხილვას დაეთმო.

კონფერენციის მონაწილეებმა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ ადგილზე არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზეც ისაუბრეს და ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.  

შეხვედრების ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ვებ-პორტალის სატესტო ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის მუშაობის სპეციფიკასა და გამოყენების წესებზე ათეა-ს ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა და „ელექტრონული მმართველობა საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა - თეა ტურაშვილმა ისაუბრეს.

პროექტი -"ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.