ათეა-ს ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

20 სექტემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა სტრასბურგში, 19-20 სექტემბერს, გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიისთვის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ განმარტებით კომენტარებზე და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოებში დავების განხილვისას ევროპული ქარტიის გამოყენების პრაქტიკაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც მერებისა და არჩეული წარმომადგენლების გამოწვევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში განიხილეს.

შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში გაგრძელდა, სადაც ექსპერტებმა ადგილობრივი დემოკრატიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესთან არსებული ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც თითო ქვეყნიდან, თითო წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული, ევროპულ ქარტიასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის კვლევის განხორციელების მიზნით შეიქმნა.

ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.