რთველი ყვარელში

1 ოქტომბერი

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიციატივითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები სოფელ გავაზს ესტუმრნენ.

მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული საუკუნოვანი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობისა და მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, ათეა-ს წარმომადგენლებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა.

სოფელ გავაზში ღონისძიება ქართული ტრადიციების მიხედვით გაიმართა. ათეას წარმომადგენლებმა დენტოშვილების ოჯახის კუთვნილ ვენახში ნახევარ ტონამდე რქაწითელის ჯიშის ყურძენი დაკრიფეს, რის შემდეგაც საწნახელში ყურძნის დაწურვის, თათარის მოდუღების, ჩურჩხელების ამოვლებისა და ქართული ტრადიციული კერძების მომზადების პროცესში ჩაერთვნენ.

„რთველი საქართველოში გამორჩეული მოვლენაა. ამიტომ, თვითმმართველობის ეროვნული ასოციციის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღით ჩამოვსულიყავით კახეთში და საკუთარი შრომით კახელ გლეხს დავეხმარებოდით მოსავლის აღებაში“-განაცხადა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ.

ათეა-ს წარმომადგენლებმა მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის აქტივობები საქართველოს სხვადასხვა მუნუციპალიტეტებში მუდმივად განხორციელდება.

კულტურულ ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა-როსტომ სესიაშვილმა უმასპინძლა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში რთველის პროცესი, რომელიც უკვე დასასრულს მიუახლოვდა, ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა.