ათეა-ს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი პროექტები დაიგეგმება

12 ივლისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი,  ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების კავშირის ( SMO CR )  და უცხოური განვითარების თანამშრომლობის მეწარმეთა პლატფორმის (PPZRS) ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ღონისძიებაზე, რომელიც კაჭრეთში გაიმართა, ნათია ღვინაშვილმა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა - მალხაზ ჭრელაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და  საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებაში ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის ძირითადი თემა კახეთის  განვითარების, ასევე რეგიონში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციას დაეთმო, რის შემდეგაც ღონისძიება სასმელი და მარაგი წყლის ეკოლოგიური მართვის, ასევე სანიტარული მომსახურებისა და აღნიშნული სერვისების ეფექტიანობის განხილვით გაგრძელდა.  

სტუმრებმა განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ისაუბრეს და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც მხარეებმა აღნიშნული პროექტის  მნიშვნელობასა და მისი განხორციელების გზებზე  ისაუბრეს.