,,ათეა’’-ს გენდერული პლატფორმა თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების კოორდინაციას განახორციელებს

15 მაისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, თბილისში პირველი ეროვნული კონფერენცია - ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - თამარ ჩუგოშვილმა გახსნა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტთან, დედაქალაქის მერთან - კახა კალაძესთან ერთად, მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. 

კახა კალაძემ ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის აღნიშნული თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვა ხაზი. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობას აღნიშნულ საკითხში გაწეული დახმარებისთვის.

,,აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში გენდერული თანასწორობის პლატფორმა შეიქმნა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
ამ პლატფორმის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც დედაქალაქის მერიამ გენდერული თანასწორობის ნაწილში უკვე განახორციელა.

კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.  

თამარ ტალიაშვილმა ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს როლს გაუსვა ხაზი. 

„ჩვენს უმთავრეს მიზანს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერება და გენდერული მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს. 
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, არის საუკეთესო მექანიზმი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ზოგადად, ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კოორდინირებისათვის.
ამ მოტივების საფუძველზე შევქმენით ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა

კონფერენციის ძირითადი ნაწილი საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესულ შესწორებებს დაეთმო, რომლებიც საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის აპარატში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელეთა თანამდებობის შემოღებას გულისხმობს. 

ღონისძიებაზე გამართული მსჯელობა სწორედ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო. 

დღესვე, კონფერენციაზე, რომელიც სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ გაიმართა, მოწვეული სტუმრების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ  ზუგდიდის, ნინოწმინდის, ოზურგეთის მერები და ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებმაც  თვითმმართველობების წარმომადგენლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს.   

ღონისძიებას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების წევრები, ასევე არასმათავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ,,ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ კონფერენციისთვის თბილისს ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის  საერთაშორისო პროექტების მრჩეველი - ბიორნ რონგევარი ეწვია.