,,ათეა’’-ს წარმომადგენლები რადას კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

14 მაისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ უკრაინის უმაღლესი რადას სახელმწიფოებრივი მშენებლობის, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხრიდან ,,ათეა“-ს ვიცე -პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი - ნინო ქავთარაძე, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი ესწრებოდნენ, საუბარი საქართველოსა და უკრაინაში გატარებულ რეფორმებს, ასევე ქვეყნებში დემოკრატიული განვითარების პროცესებს, გამოწვევებსა და თვითმმართველობის როლის გაძლიერებას შეეხო.

სტუმრების მხრიდან ძირითადი დაინტერესება დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის თემამ გამოიწვია.

ასცოციაციის წევრებმა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრეს და როგორც დაგეგმვის, ისე მისი განხოციელების ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მონაწილოებას გაუსვეს ხაზი.

ქართულმა მხარემ უკრაინელ სტუმრებს, ასევე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფის, რეგიონული დემოკრატიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსიტიტუციების განვითარების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე ბოლო წლებში განხორციელდა.

დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც უმაღლესი რადას სახელმწიფოებრივი მშენებლობის, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის უფროსის მოადგილე - ოლეგ დანილუკი, ასევე ამავე კომიტეტის მთავარი კონსულტანტები - იური ხარბუზი, ირინა კევორკოვა და ოქსანა პადალკო შედიოდნენ, ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.