,,ათეა"-ს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებს შეხვდა

17 აპრილი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის (СLRA) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა,  მხარეებმა კონგრესისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობაზე, დედაქალაქში დემოკრატიული განვითარების პროცესზე, გამოწვევებსა   და თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ რომელიც, ამავდროულად, კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ქალაქის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და მოსახლეობის მეტი სიახლოვე, რაც ადგილობრივ პროექტებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს. თბილისის მერმა ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების ჩართულობა დაასახელა.

„სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში. შევქმენით ისეთი ვებპლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი ხედვები, იდეები და კონკრეტული პროექტები წარუდგინონ ქალაქის მერს. პროექტს ჰქვია „შენი იდეა ქალაქის მერს“ და გარკვეული ხმების დაგროვების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება, განვიხილოთ კონკრეტული პროექტები და შემდეგ მივიღოთ მათი განხორციელების გადაწყვეტილება. პროექტს კარგი გამოხმაურება აქვს და წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგ ეტაპზე, მაისის თვეში წარვადგენთ   ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის პროექტს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა თავად შეძლებს საკუთარ რაიონსა და უბანში ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრას. მაგალითად, მოსახლეობა თვითონ აირჩევს, პირველად გზა უნდა გაკეთდეს, სკვერი მოეწყოს თუ გამწვანების სამუშაო ჩატარდეს“, - განაცხადა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა. 

კახა კალაძემ  ხაზი გაუსვა კონგრესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, გამოცდილების გაზიარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტილთან დაახლოების თვალსაზრისით.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე, განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული თვითმმართველობის გასაძლიერებლად. თუმცა გასაკეთებელი ამ მიმართულებით კიდევ ბევრია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის როლი და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე კიდევ უფრო გამოკვეთილი იყოს და ქალაქიც შესაბამისად განვითარდეს. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ ევროპული გამოცდილება და რეკომენდაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მონიტორინგის მისიის ფარგლებში ხვდებიან. მისიის მიზანია, ევროპის წევრ სახელმწიფოებში შეამოწმოს ადგილობრივი დემოკრატიის დონე და მათი შესაბამისობა ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან.

2018 წელს საქართველო იმყოფება მონიტორინგის ფაზაში. კონგრესის წარმომადგენლების მიერ მომზადებული მონიტორინგის ანგარიში შესაბამისი რეზოლუციებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად ევროპის საბჭოს გენერალური მდივანს წარედგინება.

შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს კონგრესში, საკრებულოს დეპუტატი  - ბექა დავითულიანი, თბილისის მერის მოადგილე  - ირაკლი ხმალაძე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი  - ანდრია ბასილაია და საფინანსო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე  ესწრებოდნენ.