საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

29 მარტი

ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში ვიზიტს განაგრძობს.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი - თამარ ტალიაშვილი, ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატი - ბექა დავითულიანი, აღნიშნული დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელი - ნინო ქავთარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი და მცხეთის საკრებულოს დეპუტატი - სევდია უგრეხელიძე შედიან, კონგრესის სხდომას დაესწრნენ და ევროსაბჭოს წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

დელეგაციის წევრებმა ასევე, შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანთან - ანდრეას კიფერთან, სადაც საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის  თავმჯდომარეობის საკითხზე იმსჯელეს.

მხარეებმა არჩევის შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს, ევროსაბჭოსთვის აქტუალურ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელიც შესაძლოა მომავალში დადგეს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე.

ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს კონგრესის ადგილობრივ პალატაში გამართულ სესიაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელზეც საქართველოს შესახებ კომიტეტის წინაშე მოხსენებით დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, ევროპის საბჭოს რეგიონთა პალატის წევრი- სტიუარტ დიქსონი წარსდგა.

დიქსონმა 2017 წელს ქვეყანაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნული პროცესი დადებითად შეაფასა.
არჩევნები ასევე დადებითად შეაფასა კონგრესის გერმანელმა დელეგატმა ევროპის სახალხო პარტიიდან - ანდრეას გალსტერმა.
მისი თქმით, დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, რომელიც სწორ გზაზე დგას და ამავე სულისკვეთებით უნდა განაგრძოს წინსვლა.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ჩატარებული არჩევნების დადებითად შეფასებისა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

როგორც ქართულმა მხარემ აღნიშნა, ევროსაბჭოს კონგრესის სადამკვირვებლო მისია, საქართველოს მიმდინარე წლის აპრილში კიდევ ერთხელ ეწვევა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ ვრცელ ანგარიშს მოამზადებს.