საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პროექტები

მიმდინარე პროექტები

პროგრამა: საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია


10 მაისი 2012 წელი

შესავალი

საქართველო მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და შემოსაზღვრულია კავკასიონის ქედით, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს.  ტერიტორიის 54% მთიანი ლანდშაფტებს უკავია, ხოლო სანაპირო ზოლის სიგრძე 310 კმ-ს შეადგენს. ბუნებრივი პირობების გამო მსგავსად სხვა მთიანი და ზღვისპირა ტერიტორიებისა, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მოწყვლადია კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მიმართ. კლიმატის ცვლილება ნეგატიურ გავლენა ახდენს არამხოლოდ გარემოზე (ბიომრავალფეროვნება, წყალი, ლანდშაფტი, ტყეები) არამედ საქართველოს ეკონომიკისთვის ისეთი მნიშვნელოვან სექტორებზე, როგორებიცაა -  სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განახლებადი ენერგეტიკა და ა.შ.

კლიმატის ცვლილებას განსაკუთრებულად უარყოფითი ზეგავლენა აქვს სოფლის მეურნეობაზე, რადგანაც ის პირდაპირაა დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის დონის ზრდასთან, ვინაიდან, ერთის მხრივ, საქართველოს მოსახლეობის  55,6%  სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და, მეორეს მხრივ, ეს სექტორი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ს.

საქართველოში მოქმედი მთელი რიგი საერთაშორისო და ეროვნული სააგენტოები  ახორციელებენ სხვადასხვა მასშტაბის ინიციატივებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მიმდინარე მცდელობები არ არის საკმარისი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ფაქტორები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობაზე:

1.კლიმატის ცვლილების სტრატეგიის არარსებობა;

2.არსებული აქტივობების ფრაგმენტული ხასიათი; კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ინიციატივების კოორდინაციის სიმცირე;

3.ადგილობრივ დონეზე პროფესიონალთა მცირე რაოდენობა და ა.შ.

ქვეყნის რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენის მიმართ, რომელიც იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს, ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და  სასოფლო-სამეურნეო მიწების დეგრადაციას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ამიტომ პროექტების დიდი წილი საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. თუმცა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ნაკლებობა, არა ქმედუნარიანი ინსტიტუციური ჩარჩო, ადგილობრივი თვითმმართველობების, თემებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სუსტად განვითარებული შესაძლებლობები:

1.განაპირობებს - განხორციელებული პროექტების და მათი შედეგების არამდგრადობას;

2.ზღუდავს - ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში

და შედეგად,

 

ზღუდავს - კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 6 წლიანმა თანამშრომლობამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ცხადად აჩვენა, რომ  ნებისმიერი ინიცირებული პროექტის  მდგრადობას ეფექტური ინსტიტუციური და ორგანიზაციული საფუძველი განაპირობებს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  აღმასრულებელი საბჭოს (საბჭო შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  წარმომადგენელთაგან) გადაწყვეტილებით, 2010 წლის ზაფხულში დააფუძნდა რეგიონული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების ცენტრი. ცენტრი მიზნად ისახავს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობების დღის წესრიგში გარემოს დაცვითი საკითხების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების საკითხების ინტეგრირებას. 2010 წლის დეკემბერში აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად მიიღო ცენტრი სამოქმედო გეგემა, რომელიც მოიცავდა პროგრამას: საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ. პროგრამა შემუშავდა  „რეგიონული განვითარების სტრატეგიის რეკომენდაციის“ შესაბამისად. რეკომენდაცია განსაზღვრავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა დონეზე სპეციალური კომისიების შექმნას, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან დაგეგმარების პროცესში ადაპტაციური ღონისძიებების  გატარებაზე.

აღწერა

დღეისათვის პროგრამა არის საკვანძო ინიციატივა, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე სპეციალური ერთეულების შექმნას. ეს ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონითა და სხვა სექტორულ კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

პროგრამის მთავარი შედეგები:

1.საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე კომისიების შექმნა (საერთო ჯამში - 65)

2.ადგილობრივ დონეზე  კლიმატის ცვლილების შესახებ გზამკვლევის შემუშავება და მიღება;

3.მთავრობისადმი კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;

4.ეროვნული კონფერენცია: ”კლიმატის ცვლილება ადგილობრივ დონეზე: პოლიტიკა და პრაქტიკა”, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების როლი არსებული პოლიტიკას და ორგანიზაციულ ჩარჩოში.

5.რეგიონული განვითარების ეროვნული სტრატეგიაში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი სპეციალური თავის შემუშავება.

პროგრამის მთავარი მიზანია: საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და მისი ზეგავლენის შერბილება  ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის გზით.

პროგრამის მიზნები:

  • კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ზეგავლენის შერბილება, ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ინსტიტუციური და ორგანიზაციული შესაძლებლობების შექმნის გზით;
  • კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების პოპულარიზაცია ადგილობრივ დონეზე და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ადგილობრივი პრობლემების ინტეგრირება  შესაბამის ეროვნულ პოლიტიკაში;
  • კლიმატის ცვლილების საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდა  ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე დისკუსიებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
  • ადგილობრივ დონეზე არსებული კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილებასთან დაკავშირებული ინიციატივების/ზომების მდგრადობის უზრუნველყოფა

დონორი:

USAID (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო)

სამიზნე ჯგუფები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობები;
  • ადგილობრივი თემები;
  • სამინისტროები (გარემოს დაცვის სამინისტრო;  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სხვა);
  • ადგილობრივი და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორი სააგენტოები.

პროგრამის არეალი: საქართველო

პროგრამის მენეჯერი: ნინა შატბერაშვილი
E-mail:nshatberashvili@nala.ge

 

 

პროგრამის ფარგლებში მომზადებული საბაზისო კვლევის ანგარიში

ასევე იხილეთ