USAID მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციას საქართველოს რეგიონებში

USAID მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციას საქართველოს რეგიონებში
09 თებერვალი 2016

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა შეინიშნება, რაც დაუყოვნებლივ ადაპტაციას საჭიროებს. კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული ზიანის ნათელი მაგალითებია 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობა თბილისში, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩამოწოლილი მეწყერი და 2014 წლის სეტყვა კახეთის რეგიონში. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილების გადაუდებელი საკითხებისადმი ადაპტაციის კუთხით საქართველოს მთავრობის და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდასაჭერად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამოქმედდა პროექტი „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია  (ICCAMGR)“.

2012 წლიდან მოყოლებული, პროექტმა ჩაატარა შვიდი ინტენსიური ტრენინგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდის და კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებული ტექნიკური უნარების გამომუშავების მიზნით. სამუშაო შეხვედრებმა ერთად შეკრიბა მუნიციპალური მთავრობების წარმომადგენლები და ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებებნი, განხილვის თემას კი გარემოსდაცვითი მართვასა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა წარმოადგენდა. შედეგად, მონაწილეებმა მუნიციპალურ დონეზე დაიწყეს კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი ადაპტაციის პროექტების განხორციელება.

ქ-ნი ნაირა სამსონიძე ერთ-ერთია იმ 70 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთაგან, რომელთაც გადამზადების კურსი გაიარეს. მისი თქმით, ის მშობლიურ ახალციხეში მობილიზებული და ახალი იდეებით აღსავსე დაბრუნდა. ქ-ნი ნაირა აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა და ის გლობალურ სოლიდარობას მოითხოვს. ამიტომ, მან შეკრიბა ახალგაზრდები და თანამოაზრე მოქალაქეები, რათა ერთიანი ძალისხმევით საკუთარ ქალაქში ქარსაცავის გაშენებაზე ეზრუნათ. 

„კლიმატის ცვლილება ზეგავლენას ახდენს ყველაზე“, - ამბობს ქ-ნი ნაირა - „ხეების დარგვა არის ქარისგან დაცვის საუკეთესო საშუალება.  ქარისმიერი ეროზია შეიძლება უმნიშვნელო გამოწვევად გვეჩვენოს, მაგრამ ის შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ დავრგეთ ხეები 1 ჰა-ზე და ეს არის მცდელობა დავუბრუნოთ ღირებულება ბუნებას და შევქმნათ საზოგადოება, რომელიც ზრუნავს გარემოზე.“

გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტმა, ნარჩენების შეგროვების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გაზარდა სანაგვე ურნების რაოდენობა ქალაქის მასშტაბით და შეიძინა ახალი ნაგავმზიდი მანქანა. ასევე, მუნიციპალიტეტში ახლა გარე განათებისათვის ენერგო ეფექტურ ნათურებს გამოიყენებენ.

„ყველა ეს ინიციატივა ICCAMGR-ის ტრენინგების შედეგად განხორციელდა“, - ამბობს ქ-ნი ნაირა - „ახლა, როდესაც კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შესახებ უკეთ ვართ გათვითცნობიერებული და რისკების შესამცირებლად მიღებული გვაქვს მითითებები, ჩვენ უკეთ შეგვიძლია დავიცვათ და შევუნახოთ ბუნება მომავალი თაობებს.“

აღნიშნული ტრენინგების პარალელურად, პროექტმა მუნიციპალურ დონეზე შექმნა 65 სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის ფარგლებში. გარდა ამისა, ეს სამუშაო ჯგუფები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო რგოლს ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობებს შორის და წარმოადგენენ ადგილზე არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის წყაროს ეროვნული მთავრობისათვის.

უკან