ICCAMGR ფარგლებში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე განიხილეს გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხები

ICCAMGR  ფარგლებში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე განიხილეს გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხები
04 აპრილი 2016

2016 წლის 1 აპრილს,  სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) გამართა ეროვნული კონფერენცია თემაზე „კლიმატის ცვლილება ადგილობრივ დონეზე - პოლიტიკა და ქმედება“. კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები უცხოეთიდან. კონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-მა თემურ მორღულიამ და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-მა თენგიზ შერგელაშვილმა , ასევე USAID-ის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევის განხილვას. ამასთანავე, მოწვეულმა სტუმრებმა სომხეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გააცვნეს პრაქტიკული მექანიზმები კლიმატის ცვლილების შესახებ ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის შესახებ.  

ICCAMGR პროგრამა მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამამ დაიწყო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაცია მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების სპეციალური კომისიების შექმნის გზით. დღეისათვის,  მუნიციპალიტეტებში უკვე შექმნილია კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების 65 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე. აღნიშნულმა ჯგუფებმა, პროექტის ფარგლებში, გაიარეს გადამზადების კურსი და შეიძინეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება-ადაპტაციის უნარ-ჩვევები.   ამ კომისიების (სამუშაო ჯგუფების) ამოცანაა ხელი შეუწყონ ორგანული კანონით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრიცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

უკან