ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  429 კმ²
მოსახლეობა - 31200
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/khoni 


ხონის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ხონის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე. ხონის მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - სამტრედიის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილოეთით - ცაგერის მუნიციპალიტეტი. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 42 850ჰა–ია, რომლის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთის ზონაში გავრცელებულია ფოთლოვანი ტყეები, რომელთა საერთო ფართობი 20 300 ჰა-ია, ანუ ტყეებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 47% უკავია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 18 042 ჰა, ანუ მთლიანი ფართობის 42 % უჭირავს. ხონის მუნიციპალიტეტი ზღვის ნოტიო, სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაშია მოქცეული, სადაც ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი. დაბლობში წლიური საშუალო ტემპერატურაა +14.3°C, მთის ზონაში კი +12°C. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვარის, საშუალო ტემპერატურა დაბლობში შეადგენს +5°C-ს, მთაში კი -3°C ფიქსირდება, ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოს, საშუალო ტემპერატურა დაბლობში შეადგენს +23°C-ს, მთაში კი +21°C-ია. წელიწადში საშუალოდ 1 460-1 790 მმ ნალექი მოდის.
2012 წლის მდგომარეობით, ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 31 500 კაცს შეადგენს, აქედან ქალაქ ხონში ცხოვრობს დაახლოებით 11 000 კაცი, რაც მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობის 36 %-ია, ხოლო სოფლად ცხოვრობს 21 000 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 73 კაცი/კმ 2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ 2 ) ოდნავ აღემატება. მუნიციპალიტეტში სულ 40 დასახლებაა, აქედან 1 ქალაქია. ხონის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, უცხოეთიდან გზავნილები, სოციალური პაკეტები (პენსია, სოციალური დახმარება) და მცირე მეწარმეობა (ავეჯი, პოლიმერკონტეინერი). ამასთან, შემოსავლების ძირითადი წყაროებიდან სოფლის მეურნეობა პირველ ადგილზე დგას.
ხონის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 6 984 500 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციული ერთეულის ძირითად შემოსავლებს ამჟამად უზრუნველყოფს ტრანსფერები. წარსულში კი ძირითადი შემოსავლების წყაროდ ითვლებოდა აგროსექტორი, ძაფსაღები და პოლიმერკონტეინერი. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა არ გააჩნია. თუმცა, იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის გათვალისწინებით, ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებად ითვლება: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ხე-ტყის გადამუშავება და ავეჯის წარმოება.


ბრძანება "ხონის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან