წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ფართობი -  632 კმ²
მოსახლეობა - 73600
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/tskaltubo 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქ. ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები. ადმინისტრაციული ერთეულის ფართობი შეადგენს 70 100 ჰა– ს, აქედან სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს 29 208 ჰა უჭირავს, წყალტუბოს მუნიციპალიტეეტის ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე, რომელსაც უკავია 25 000 ჰა. მუნიციპალიტეტის რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება ქვაბურ მინერალური წყაროების გამოსვლით, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილების შტოებით და მხოლოდ კოლხეთის დაბლობისაკენ არის გახსნილი. ქვაბულის გარშემო მდებარე ფერდობებს სხვადასხვა სიმაღლე და ექსპოზიცია აქვთ, რელიეფი ძირითადად დაბლობ- ბორცვიანია. მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ტერიტორიული ერთეულისათვის დამახასიათებელია მოკლე ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის ტემპერატურის მხრივ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა 15OC-ია. ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოს, საშუალო ტემპერატურა +30OC - ია. ყველაზე ცივი თვეების, იანვარ- თებერვლისა, კი - 5 OC. საშუალო წლიური ტენიანობა 76 %-ია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1420 მმ/წელიწადში. 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით, რომლის მთავარი არტერიაა მდინარე რიონი, შენაკადებით მდ. წყალტუბო და გუბისწყალი. რეგიონის ძირითადი მინერალური რესურსია წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიოაქტივობა.
2012 წლის მდგომარეობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 74 100 კაცს შეადგენს. აქედან ქალაქში ცხოვრობს 16 550 კაცი, რაც მთელი მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია, ხოლო სოფლად 57 550 (78%)მცხოვრებია. მუნიციპალიტეტში 50 დასახლებაა, მათ შორის ერთი ქალაქია. საშუალოდ ერთ სოფელზე 1 174 ადამიანი მოდის. მოსახლეობის სიმჭიდროვე დაახლოებით შეადგენს 106 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) 1,5-ჯერ აღემატება.
წყალტუბოს ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის შემოსავლის ოთხ ძირითად წყაროდ დასახელდა: სოფლის მეურნეობა, უცხოეთიდან შემოსული გადარიცხვები, სოციალური პაკეტი და საბიუჯეტო სექტორი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 14 303 000 ლარი შეადგინა. თუკი ადრე მრეწველობა და სოფლის მეურნეობა იყო შემოსავლების ძირითადი წყარო, დღეს იკვეთება, რომ მუნიციპალიტეტი ტრანსფერების ხარჯზე არსებობს. მის გარდა შემოსავლებს უზრუნველყოფს მრეწველობა(ჰესები), მომსახურების სფერო და ადგილობრივი ქონების გაყიდვები. მუნიციპალიტეტს აქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. მუნიციპალიტეტში თვლიან, რომ სოფლის მეუნეობა შეიძლება იყოს წამყვანი ეკონომიკური დარგი და ამას ასაბუთებენ ტრადიციით და ბოლო წლებში სასათბურე მეურნეობების განვითარებით.


ბრძანება "წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან