სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  364 კმ²
მოსახლეობა - 60300
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/samtredia 


სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

სამტრედიის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და იმერეთის რეგიონს მიეკუთვნება. სამტრედიის ადმინისტრაციულ ერთეულს ესაზღვრება აბაშის, ლანჩხუთის, ვანის, ხონის, წყალტუბოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზეა განლაგებული, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 36 429ჰა–ს შეადგენს, მათ შორის 20 300 ჰა (56%) სასოფლო სამეურნეო სავარგულებია, ხოლო 6 554 ჰა ტყეებითაა დაფარული. სამტრედიის ტერიტორიულ ერთეული ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში ხვდება. ზამთარი აქ მოკლე, თბილი და წვიმიანი იცის, ზაფხული კი - ხანგრძლივი, ტენიანი და საკმაოდ ცხელი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14OC-ია. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა +5°C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, ივლისის - +25°C. ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს 1 500 - 1 600 მმ/წლ-ს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა ოქტომბერ-დეკემბერში ფიქსირდება და შეადგენს 160 მმ-ს, მინიმალური კი მაისში მოდის (20 მმ). მუნიციპალიტეტში აპრილის და მაისის თვეები ხშირად გვალვიანი იცის.
სამტრედიის ადმინისტრაციული ერთეულში მთავარი (ტრანზიტული) მდინარეა რიონი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას თითქმის ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. მისი სიგრძე ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში 35 კმ-ია. მდინარის მარჯვენა შენაკადებია ცხენისწყალი, გუბისწყალი და ჭურთავა, ხოლო მარცხენა შენაკადებია ჭოგნარა, ხევისწყალი და სხვა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 56 დასახლებაა, აქედან 1 ქალაქი-სამტრედია და 1 დაბა კულაში. 2012 წლის მდგომარეობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 60 800 კაცს. აქედან ქალაქში და დაბაში ერთობლივად 31 500 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო სოფლად 29 300 ადამიანი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია, სადაც მთელი მოსახლეობის თითქმის 49% ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 167 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) 2,5-ჯერ აღემატება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა, უცხოეთიდან გზავნილები და საბიუჯეტო სექტორში დასაქმება.
მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 13 125 900 ლარი შეადგინა. წარსულში სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი წყარო იყო რკინიგზა, ამჟამად კი შემოსავლის წყაროს ტრანსფერები წარმოადგენს. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 170 ლარს შეადგენს.


ბრძანება "სამტრედიის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან