საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ფართობი -  1491 კმ²
მოსახლეობა - 59400
ვებ-გვერდი: www.sagarejo.ge


საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს თელავის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საერთო ფართობია 155 369 ჰა, აქედან სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს 94 371 ჰა უკავია, 42 065 ჰა კი ტყეებს. მუნიციპალიტეტის რელიეფი ზღვის დონიდან 460 მ-იდან 1,800 მ-ის ფარგლებში იცვლება. კლიმატი ზონალობის მიხედვით იცვლება. დაბალ ზონაში ზომიერად თბილი სტეპური ჰავაა გაბატონებული, ხოლო შედარებით მაღალ ზონაში ზომიერად ნოტიო. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11°C-12°C, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 700-860 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე იორი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორ ნაწილად ყოფს. მდინარე ივრიდან გამოყვანილია სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომლითაც „თბილისის ზღვა“ იკვებება. მდინარე იორის შენაკადებიდან აღსანიშნავია ჩაილური (სიგრძე 30 კმ), მდინარე გომბორი (სიგრძე 12,4 კმ), ასევე მდინარე ლაფიანხევი (სიგრძე 11,5 კმ); ამ უკანასკნელს შემოდგომაზე წყალმოვარდნა ახასიათებს. მუნიციპალიტეტში არის ტბებიც, რომელთა შორის აღსანიშნავია უჯარმასთან არსებული ტბების ჯგუფი.
მუნიციპალიტეტში 45 დასახლებული პუნქტია, 1 ქალაქი (საგარეჯო) და 44 სოფელი. 2012 წლის მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 60 000 კაცია, აქედან სოფლად 51 000 კაცი ცხოვრობს, ხოლო დარჩენილი 9000 კაცი ქ. საგარეჯოში.
მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება და ხე-ტყის რეალიზაცია. მუნიციპალური ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით შეადგენს 13 387 000 ლარს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით, ეკონომიკის პრიორიტეტული დარგია სოფლის მეურნეობა. ამას გარდა, სატყეო მეურნეობის ბაზაზე შესაძლებელია ტურიზმის განვითარება.


ბრძანება "საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან