თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

ფართობი:60 კმ²
მოსახლეობა:116,1 ათასი
ვებ-გვერდი: www.rustavi.ge


თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არსებული მდგომარეობის აღწერა

ქალაქი რუსთავი ქვემო ქართლის რეგიონალური ცენტრია. იგი გაშენებულია ქვემო ქართლის ვაკეზე, ზღვის დონიდან 350-370 მ-ის სიმაღლეზე. მისი ტერიტორია 60.6 კმ2-ია, საიდანაც 270 ჰა სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწებია. რუსთავი საქართველოს ერთ- ერთი დიდი და მზარდი ქალაქია. დღეის მდგომარეობით მისი მოსახლეობა 122.5 ათასი კაცია, მოსახლეობის სიმჭიდროვე კი 2040 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) მნიშვნელოვნად აღემატება. მოსახლეობის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 2002-2012 წწ. პერიოდისთვის 0.5%-ია; თუმცა, 2010-2012 წლებში იგი 1.4%-მდე გაიზარდა. ქვემო ქართლის ვაკე მშრალი სტეპების კლიმატურ ზონაშია მოქცეული. იგი ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და მშრალი, ცხელი ზაფხულით. ქ. რუსთავში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13°C-ია, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა 0.8°C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოსი - 25°C. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა მხოლოდ 390 მმ-ია. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. რუსთავი ხშირი ქარებით ხასიათდება, რომელთა საშუალო სიჩქარე 2-3 მ/წმ-ია, თუმცა საშუალო მაქსიმალური სიჩქარე 8 მ/წმ-ს აღწევს. რუსთავი გაშენებულია მდინარე მტკვრის შუა წელში, მდინარის ორთავე ნაპირას. ჩრდილო-დასავლეთიდან იგი თბილისს ერწყმის, ხოლო დანარჩენი მიმართულებებით გარდაბანის და მარნეულის მუნიციპალიტეტებს ესაზღვრება.
1950-იანი წლებიდან ქ. რუსთავი ინდუსტრიული ცენტრი იყო. დღეის მდგომარეობით ინდუსტრიული საწარმოების ძირითადი ნაწილი გაჩერებულია. თუმცა, რუსთავი მაინც ქვეყნის ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრია. აქ ფუნქციონირებს ქიმიური, მეტალურგიული, ცემენტის და სხვა საწარმოები. მოსახლეობა ძირითადად ამ საწარმოებში და სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული; ამასთან, მუშახელის დიდი ნაწილი ქ. თბილისშია დასაქმებული.
ქ. რუსთავისთვის შემუშავებულია განვითარების სტრატეგია (2009 წ.), რომლის პრიორიტეტებია: i) ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექნა, ii) ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, iii) ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, iv) სოციალური გარემოს და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესება და v) გარემოს დაცვა და გარემოს გაუმჯობესება. 2011 წელს ქ. რუსთავი მიუერთდა „მერების ხელშეკრულება“-ს, რომლის ფარგლებშიც აიღო ვალდებულება 2020 წლისთვის 20%-ით შეამციროს სათბურის აირების ემისია. ამ მიზნით ქალაქისთვის მომზადდა და ხორციელდება „ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა“ (2012 წ.).


ბრძანება "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან