ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  1354 კმ²
მოსახლეობა - 34600
ვებ-გვერდი: www.ninotsminda.ge         


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა  

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან 1 950-2 200 მ სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის, ხოლო სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთს საზღვარს; ჩრდილოეთით მას წალკის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ხოლო აღმოსავლეთით დმანისის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 135 240 ჰა-ს, რაც რეგიონის ტერიტორიის 21%-ია. აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 62 655 ჰა (46%) უჭირავს. ტერიტორია ძირითადად უტყეოა, თუმცა ადგილ-ადგილ ხელოვნური კორომები გვხვდება (საერთო ფართობი 350 ჰა). ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის კონტინენტური ჰავაა. ზამთარი აქ ცივი და მცირე თოვლიანია, ზაფხული კი - გრილი. წლის ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურა (-)11°C-ია, თბილი თვის, აგვისტოსი კი - 13°C. ნალექების წლიური რაოდენობაა 733 მმ/ წელიწადში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ფარავანი, მცირე შენაკადებითურთ. ადმინისტრაციული ერთეული ცნობილია ტბათა სიმრავლით, რომელთა შორისაა: ფარავანი, მადათაფა, ხანჩალის ტბა, საღამოს ტბა, ბუღდაშენის ტბა და სხვა. მუნიციპალიტეტში მრავლადაა მიწისქვეშა წყლები, ასევე ჭარბტენიანი ტერიტორიები. ამ უკანასკნელს 4 000 ჰა უჭირავს. ტბების და ჭარბტენიანი უბნების ნაწილი დაცულია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში.
2012 წლის მდგომარეობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 34 800 კაცს შეადგენს, რომლებიც 33 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს. ქ. ნინოწმინდაში, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტარციული ცენტრია, ცხოვრობს 6 000 კაცი (17%). მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 26 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) საკმაოდ ჩამოუვარდება. 2012 წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა, ადგილობრივი შემოსავლების და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით, 6 მილიონი ლარი შეადგინა. მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, მცირე საწარმოები (ხორცის და რძის გადამამუშავებელი საწარმო, პურის საცხობი, უალკოჰოლო სასმელის ჩამოსასხმელი საწარმო, ბაზალტის გადამამუშავებელი საამქრო, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის საამქრო), საბიუჯეტო სექტორში დასაქმება და პენსია/ სოციალური დახმარება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.


ბრძანება "ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან