თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 906 კმ²
მოსახლეობა - 13200
ვებ-გვერდი: www.tianeti.org.ge 


თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

თიანეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაში შედის. მას დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან დუშეთის, აღმოსავლეთიდან და ჩრდილო- აღმოსავლეთიდან ახმეტის, ხოლო სამხრეთიდან მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მისი ფართობია 906.3 კმ2-ს, რაც რეგიონის ტერიტორიის 15%-ია. ტერიტორიის 60% ტყეებს უჭირავს, ხოლო 34% - სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო და მაღალმთიანია მთიანია, სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-3000 მ- ის ფარგლებში იცვლება. თიანეთის მუნიციპალიტეტში ჰავა შესამჩნევად იცვლება ზონალობის მიხედვით. 1000- 1300 მ-ის ფარგლებში კლიმატი შედარებით რბილი და მშრალია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 8.5°C-ს აღწევს, ხოლო ნალექების რაოდენობა 620 მმ-ს. მაღალ ზონაში ჰავა მკაცრდება, ამასთანავე ნალექიანობა 1300-1800 მმ-მდე იზრდება.
მუნიციპალიტეტში მდინარეთა ქსელი წარმოდგენილია მდ. იორითა და მისი შენაკადებით. მდ. იორზე მოწყობილია სიონის წყალსაცავი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის და სარწყავად. მუნიციპალიტეტში არის მცირე ზომის ტბებიც.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 13.1 ათასი კაცია (geostat.ge). ეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობის დაახლ. 12%-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 14 კაცი/კმ2-ს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/მ2) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კლების ტენდენციით ხასიათდება. თიანეთის მუნიციპალიტეტში 82 დასახლებული პუნქტია. მუნიციპალიტეტში ორი ურბანული დასახლებაა (თიანეთი და სიონი), რომელთა საერთო მოსახლეობა 4,500 კაცია. 
მუნიციპალიტეტის წამყვანი ეკონომიკური საქმიანობა სოფლის მეურნეობაა, კერძოდ კი მეცხოველეობაა. მუნიციპალური განვითარების 2007-2012 წწ გეგმის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების აღდგენა-მოწყობა, ტურიზმის განვითარება, მცირე ჰესების მოწყობა, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (გზები, კანალიზაცია, წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება) გაუმჯობესება.


ბრძანება "თიანეთის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან