თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 357 კმ²
მოსახლეობა - 45 000
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/terjola


თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 110-400 მეტრზე. თერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულს დასავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი. სამხრეთ- აღმოსავლეთით ზესტაფონის, ჩრდილოეთით-ტყიულის, ჩრდილო-დასავლეთით ჭიათურის, სამხრეთით კი ბაღდათის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 35 750 ჰა-ია. აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 21 432 ჰექტარი უჭირავს, რაც მთლიანი ტერიტორიის 60%-ია. ადრე აქ ფართოდ გავრცელებული ტყეების ადგილი ახლა სახნავ-სათესს და ვენახებს უკავია. ტყეები შემორჩენილია ოკრიბა-არგვეთის ქედზე და მას 10 000 ჰა უკავია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდ ნაწილში ზღვის სუბტროპიკული, საკმაოდ ნოტიო ჰავაა, რის გამოც ზამთარი ზომიერად ცივი იცის, ხოლო ზაფხული ცხელი. მდინარე ჩოლაბურის შესართავის ქვემოთ, იმერეთის დაბლობზე, ვიწრო ზოლად გრძელდება ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავა, იცის რბილი თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ტერიტორიაზე მკვეთრადაა გამოხატული მუსონური ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა დაბლობსა და სიმონეთის ვაკეზე 14OC-ია, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა 3,8 OC, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24OC-ია, აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს -20OC, ხოლო მაქსიმუმად ფიქსირდება 42OC. ადმინისტრაციულ ერთეულში ნალექების საშუალო რაოდენობაა 1 350 მმ, ნალექების მაქსიმუმი ზამთარში მოდის, მინიმუმი კი ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლადაა მდინარეები. ესენია: ყვირილა, ჩოლაბური, ჩხარა, ძევრულა და სხვა.
მუნციპალიტეტი შედგება ერთი ქალაქისა და 44 სოფელისაგან. 2012 წლის მონაცემებით, ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობა 45 100 კაცს შეადგენს, აქედან ქალაქად 6 350 კაცი ცხოვრობს, სოფლად კი 38 750 კაცი, რაც მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობის 86 %-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 126 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) თითქმის 2-ჯერ აღემატება. მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მოხელეობა და უცხოეთში წასულთა მიერ ინვესტირება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა 8 971 000 ლარი შეადგინა. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლებულია მოსახლეობის თითქმის 86 %, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მუნიციპალიტეტის სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სექტორებია ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება და მშენებლობა, წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, ღვინისა და შამპანურის წარმოება და მრეწველობა. ეს სექტორები დღეისათვისაც უცვლელია. მუნიციპალიტეტის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 100 ლარის ტოლია. 


ბრძანება "თერჯოლის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან