დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

ფართობი - 3529 კმ²
მოსახლეობა - 30 500
ვებ-გვერდი: www.dedoplistskaro.ge 


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მისი ფართობი შეადგენს 2531კმ2-ს, რაც მხარის ტერიტორიის დაახლ. 17%-ია. გამგეობის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით 32443 კაცია, ანუ რეგიონის მოსახლეობის 8 %. მუნიციპალიტეტში 16 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი და 16 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა 7378 კაცია, ხოლო სოფლად 25065 კაცი ცხოვრობს; ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს, რომელიც აქაური რელიეფის მთავარი ოროგრაფიული ერთეულია. ივრის ზეგანზე განლაგებულია დიდი შირაქის აკუმულაციური ვაკე, რომელიც გაშლილია ალაზან-ივრის შუამდინარეთში. მისი ზედაპირი 560-700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ვაკე შემოსაზღვრულია ქოჩების, ნაზარლების, შუანამთისა და არხილოსკალო-ყაშის დაბალი სერებით. დიდი შირაქის ვაკე აღმოსავლეთით უერთდება კასრისწყლის ვაკეს, რომელიც ეროზიული რელიეფით ხასიათდება. ივრის ზეგანი უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადადის ელდარის დაბლობში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის ნახევარუდაბნოთა უშუალო გაგრძელებას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ელდარის დაბლობს უჭირავს ივრის მარცხენა სანაპიროს ზოლი, რომლის მაქსიმალური სიგანე არის 6-7 კმ, სიგრძე ივრის გასწვრივ - 20- 22 კმ, ხოლო სიმაღლე 100-200 მ. ელდარის დაბლობი ცნობილია მშრალი კლიმატით. აქ წლიური ნალექიანობა 250-300 მმ-ს შეადგენს. ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნამდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია განვითარებული.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ორი ტიპის ჰავა. სამხრეთ ნაწილში ცხელიზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, ჩრდილოეთ ნაწილში კი - ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა 10,3°C, ხოლო აბსოლუტურ მაქსიმუმი - 38°C. წლიურად 400-600 მმ ნალექი მოდის. შირაქის დაბლობი და დედოფლისწყარო შედარებით უხვნალექიანია, სადა ნალექების წლიური მოცულობა შესაბამისად 540 მმ-სა და 650 მმ-ს აღწევს. ნალექების მინიმუმი ფიქსირდება ელდარის დაბლობზე (250-300 მმ), სადაც ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტია განვითარებული.



უკან