ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 815 კმ²
მოსახლეობა - 29000
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/baghdati


ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 81 500ჰა–ს შეადგენს. აქედან ძირითადი ნაწილი მესხეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობებითა და მთისწინეთითაა წარმოდგენილი; მცირე ნაწილი კი იმერეთის დაბლობზეა განლაგებული. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ძირითადად მთა-გორიანი რელიეფით გამოირჩევა. სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს 19 089 ჰა უჭირავს, რაც ბაღდათის ტერიტორიის 23%–ია; 61 000 ჰა (75%) კი ტყეებითაა დაფარული. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით. მდინარეთა ქსელი წარმოდგენილია მდ. ხანისწყლითა და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადებით, რომლებიც მესხეთის ქედიდან იღებს სათავეს. ამას გარდა, მუნიციპალიტეტზე მდ. ყვირილას მცირე მონაკვეთიც გადის, მისი შესართავის მახლობლად.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაშია მოქცეული, სადაც ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი. მუნიციპალიტეტში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +14°C-ია. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა +4.4°C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, ივლისის, საშუალო ტემპერატურა +23°C-ს შეადგენს. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა 1 500 მმ-ია. ადმინისტრაციული ერთეულებიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ადიგენი, ვანი, წყალტუბო, ხარაგაული და ზესტაფონი.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 28 800 კაცს შეადგენს (Geostat). აქედან ქალაქად (ქ. ბაღდათში) ცხოვრობს დაახლ. 5 000 კაცი, რაც მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობის 17%–ია; სოფელის მოსახლეობა კი 23 800-ია. მუნიციპალიტეტში სულ 26 დასახლებაა, მათ შორის 1 ქალაქი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 35 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, უცხოეთიდან გზავნილები და სოციალური პაკეტი (პენსია, დახმარებები).


ბრძანება "ბაღდათის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან