ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1235 კმ²
მოსახლეობა - 63700
ვებგვერდი: www.akhalkalaki.ge


ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ცენტრალურ ნაწილში, რომლის სიმაღლე 1 500-დან 3 300 მ-მდე მერყეობს. ახალქალაქის ტერიტორიული ერთეულის ფართობი შეადგენს 123 567 ჰა-ს, რაც რეგიონის ტერიტორიის 19,3%-ია. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის დიდი ნაწილი ახალქალაქის მთიან ზეგანზეა განლაგებული. მისი რელიეფი შედარებით ერთგვაროვანი ფორმისაა და სიმაღლე ზღვის დონიდან 1 600-2 100 მ-ს შორის მერყეობს. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 108 796 ჰა (88%) უჭირავს. მუნიციპალიტეტის უმეტესი ნაწილი უტყეოა, ტყეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მხოლოდ 5,6%, (6 900 ჰა) უკავია, მუნიციპალიტეტი ძირითადად დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. ტერიტორიული ერთეული ცნობილია ჭარბტენიანი ტერიტორიებით, რომელთა საერთო ფართობი 254 ჰექტარია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტისათვის ცვალებადი ჰავაა დამახასიათებელი, ზომიერად ნოტიოდან–ცივამდე. ადმინისტრაციული ერთეული გამოირჩევა მშრალი ზამთრით და მოკლე, გრილი ზაფხულით. ყველაზე მაღალ ადგილებში გაბატონებულია ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალი, მთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავა. ბარში იანვრის საშუალო ტემპერატურა -7°C-იდან -10°C-მდე მერყეობს. ყველაზე თბილი თვის ,აგვისტოს, ტემპერატურაა 14-16°C, აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს -40°C-ს, ხოლო მაქსიმუმი დაფიქსირებულია 38°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 800-700 მმ-ია. ნალექი თოვლის სახით, მუნიციპალიტეტში, მოდის ოქტომბრიდან.
ახალქალაქის დასავლეთის საზღვარს 18 კმ–ზე მდინარე მტკვარი გასდევს, ჩრდილოეთის ნაწილი მდინარე ფარავნის მარჯვენა შენაკადებით ჭობარეთით და ბარალეთითაა დანაწევრებული. ტბებიდან აღსანიშნავია ტაბაწყური, კარწახი, ხოზაფინის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა. 2011 წელს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე დაარსდა ჯავახეთის ეროვნული პარკი, რომელიც დაახლოებით 14 207 ჰექტარს მოიცავს. აქედან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფარგლებში 4353,58 ჰექტარია მოქცეული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დასავლეთით ასპინძის, აღმოსავლეთით ნინოწმინდის, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტებს ესაზღვრება, სამხრეთით კი - თურქეთს. 2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 65 000 კაცს შეადგენს (Geostat). აქედან ქ. ახალქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 13 000 კაცი (20%), სოფლად კი 52 000 (80%) კაცი ცხოვრობს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 დასახლებაა, აქედან 64 სოფელია და ერთი ქალაქი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 53 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2) ჩამოუვარდება. 
მუნიციპალიტეტში შემდეგი 4 პრიორიტეტული სექტორი უზრუნველყოფს შემოსავლებს: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი, პენსია, ასევე მაცხოვრებლების გარკვეული ნაწილი წასულია რუსეთში სამუშაოდ.


ბრძანება "ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან